სამეფო ჰოსპიტალი ჩელსიში
სამეფო ჰოსპიტალი ჩელსიში(Royal Hospital Chelsea) არის ომისა და სამხედრო ძალების დაუოჯახებელი ვეტერანების სახელმწიფო თავშესაფარი და იმავდროულად იმ სამხედრო მოსამსახურეების სამკურნალო დაწესებულება, რომლებსაც სამხედრო სამსახურის გაგრძელება აღარ შეუძლიათ ჭრილობების ან ხანდაზმულობის გამო. ჰოსპიტალი მდებარეობს ლონდონის ცენტრალურ ოლქში, ჩელსიში. ამჟამად ჰოსპიტალში მუდმივად ცხოვრობს სამასზე მეტი ვეტერანი. მათ უწოდებენ „ჩელსის პენსიონერებს“(Chelsea pensioners).
სამეფო ჰოსპიტალს საფუძველი ჩაეყარა 1681 წლის 22 დეკემბერს მეფე ჩარლზ II-ის განკარგულებით. სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ინგლისური კლასიციზმის არქიტექტურული სტილის შემქნელი, მათემატიკოსი და არქიტექტორი სერ კრისტოფერ რენი. მშენებლობა დასრულდა 1692 წელს, თუმცა მოგვიანებით არაერთხელ ჩატარდა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები. |
1685 წელს ჰოსპიტალმა მიიღო პირველი პაციენტები -
სეჯმურის ბრძოლაში დაჭრილი და დასახიჩრებული ჯარისკაცები. მუდმივი მკვიდრებისთვის კი
პანსიონის კარი გაიღო 1692 წელს და იქ თავშესაფარი მიიღო 500-მდე ვეტერანმა. „ჩელსის პენსიონერები“ ჰოსპიტალის დაარსებიდან დღემდე ატარებენ წითელ კომზოლებს და გააჩნიათ მთელი რიგი პრივილეგიები. ისინი ფორმალურად არ თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან და გარდაცვალებამდე უნარჩუნდებათ სამხედრო ხელფასი. თავშესაფრის მკვიდრნი იმყოფებიან სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, მათი დაკრძალვა ხდება ჰოსპიტალის ეკლესიის სასაფლაოზე საზეიმო ვითარებაში, სამხედრო პატივის მიგებით. ვეტერანებს სისტემატურად სტუმრობენ დიდი ბრიტანეთის სამეფო კარისა და არისტოკრატული ოჯახების, მთავრობის, ლორდთა და წარმომადგენელთა პალატის წევრები, ცნობილი პიროვნებები. ჰოსპიტალი ღიაა ტურისტებისათვისაც.
|
1913 წლიდან აქ ყოველწლიურად ტარდება ჩელსის ყვავილების დღესასწაული(Chelsea Flower Show), რომელიც იზიდავს უამრავ დამთვალიერებელს. კომპლექსის შემადგენლობაში 1960 წლიდან ფუნქციონირებს არმიის ნაციონალური მუზეუმი. 1796-1816 წლებში სამეფო ჰოსპიტალში განთავსებული იყო ოპტიკური სატელეგრაფო სადგური, რომელიც უზრუნველყოფდა ლონდონის საადმირალოს კავშირს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებთან პორტსმუტში.
|
სამეფო ჰოსპიტალის ცენტრალურ, ფიგურულ ეზოში აღმართულია მისი დამაარსებლის, მეფე ჩარლზ II-ის მოოქროვილი ქანდაკება(ავტ. გრინლინგ გიბონსი), რომელსაც ჰოსპიტალის ყოველწლიურ დღესასწაულზე მუხის რტოებითა და ყვავილებით ამკობენ. ამ დღესასწაულს აუცილებლად ესწრებიან ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები.
სამეფო ჰოსპიტალს განაგებს „კომიტეტის საბჭო“ 18 წევრის შემადგენლობით, რომლის მმართველიც ამჟამად არის ლორდ-გენერალი უოკერი. მისი თანაშემწეა გენერალ-მაიორი ქარი. ორივე გენერალი ჰოსპიტალის მკვიდრია. 2009 წელს თავშესაფარში დასახლდა პირველი ქალი, მეორე მსოფლიო ომის მარტოხელა ვეტერანი დოროთი ჰუიზი. მოამზადა ზ. ჯანიკაშვილმა |