ვეტერანთა გაერთიანებული ყრილობა ჭადრაკის სასახლეში
27.02.2016 არნახული ხალხმრავლობა იყო დღეს ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლე ხალხს ვერ იტევდა, ნახევარი დარბაზი ფეხზე იდგა. იქ იყვნენ ვეტერანთა ყველა თაობისა და წოდების წარმომადგენლები, გენერლები და რიგითები, მეორე მსოფლიო, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს ომების, სამშვიდობო მისიების მონაწილეები, თმაჭაღარა და ჭაბუკი საქართველოს დამცველები, მამაკაცები და მანდილოსნები... ძალიან შთამბეჭდავი და ემოციურად დამუხტული შეხვედრა იყო. ვეტერანებმა უპირველეს ყოვლისა მოიგონეს დაღუპული თანამებრძოლები და წუთიერი დუმილით პატივი სცეს მათ ხსოვნას. ყრილობა გახსნა საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარემ გია ბერძენიძემ, მან ისაუბრა ყრილობის მოწვევის მიზნებზე. გენერალმა თემურ ლორიამ წაიკითხა გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძის მიმართვა ყრილობის მონაწილეებისადმი. საქართველოს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია "პატრიოტის" ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ვახტანგ მაჭავარიანმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ვეტერანთა ჰოსპიტალთან დაკავშირებით. ვეტერანების წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ვეტერანების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ომის მსხვერპლთა გაერთიანებების, პროფკავშირების ლიდერებმა და ხელმძღვანელებმა. ყრილობამ მიიღო დადგენილება და მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი, რომელშიც ჩამოთვლილია ვეტერანებისათვის უმნიშვნელოვანესი ყველა საკითხი, ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებთ და ყველა მოთხოვნა, რომელიც აქვთ მათ. ყრილობაზე დადგა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან ირაკლი შიხიაშვილის გადაყენების საკითხი, რომელსაც დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად დაუჭირა მხარი. დადგენილების შესწორებულ ვარიანტს უახლოეს დღეებში მოგაწვდით. მოამზადა ზაზა ჯანიკაშვილმა |