გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძის მიმართვა ვეტერანების გაერთიანებული ყრილობის მონაწილეებს
დღეს, ა.წ. 27 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში იკრიბებიან ნაომარი ვეტერანები. დალხენილი ცხოვრების გამო არ იკრიბებიან. იკრიბებიან, ვინაიდან საქართველოს ვერცერთმა ხელისუფალმა მათთან სალაპარაკო ენა ვერ, ან არ მოძებნა. სამწუხაროდ თავად მე ვერ ვესწრები, თუმცა ყველა ვეტერანს შემდეგი ტექსტით მინდა მივმართო: თანამებრძოლებო! ძმებო და დებო! ამაყი ვარ თქვენი ერთად ყოფნით, თქვენთან ერთად გავლილი გზით და თქვენთან ერთად ბრძოლით! ჩვენ პირველნი ვიყავით, ვინც სამშობლოს გამო ხელში იარაღი ავიღეთ, ვიცოდით, რომ განწირულნი ვიყავით, ვიცოდით რა ძალა ჰქონდა მტერს და მაინც ჩავებით ომში. ჩვენ ვაჩვენეთ ყველას, რომ არაგველთა სული ჯერ კიდევ ცოცხალია ქართველობაში. ტყუილია, რომ დაგვამარცხეს: ჩვენ არც სანგარში მიგვიტოვებია ვინმე, არც დაჭრილი არ დაგვიგდია მტერის საჯიჯგნად და არც ზურგი დაუნახია ჩვენი მტრის ტყვიას. ჩვენი ომი ჩვენ მოვიგეთ, თუმცა მოგვპარეს გამარჯვება. სხვათაშორის, პოლიტიკოსებმა მოგვპარეს! საქართველო დამარცხდა, მაგრამ დროებითია ყოველი მარცხი: მარცხი გამოცდაა რწმენის და ხასიათის და საქართველოში მეომრულ სულს თუ უწერია აღდგენა, ეს გაზაც ჩვენზე გადის უთუოდ. უჩვენოდ ვერავინ შეძლებს ამას: ჩვენა ვართ ხიდი არაგველებსა და მომავალს შორის, ხიდი კოჯორთან დაცემულ იუნკერებსა და მომავალს შორის, ხიდი ქაქუცას რაზმელებსა და მომავალს შორის,
ვინაიდან განწირულ ომში თავდაუზოგადავად შეგვიძლია შესვლა. სწორედ ამიტომ გაგვაჩნია ღირსება, რომელიც ასე არ ესმით ზოგიერთებს. სწორედ ამიტომ არავის სამათხოვრო არა გვჭირს არაფერი. სწორედ ამიტომ არავის დასამადლებელი არა გვაქვს არაფერი. სწორედ ამიტომ გაგვაჩნია უფლებები და სწორედ ამიტომ ვალდებულია ყველა, რომ ეს უფლებები დაიცვას. სირცხვილია, როდესაც კომპენსაცია და მათხოვრული 22 ლარი სალაპარაკო ხდება. სირცხვილია როდესაც მკურნალობის თემა ხდება სალარაპარაკო. სირცხვილია, როდესაც ჩვენი სისხლის ფასში, ვიღაცა მადლობის გადახდას ითხოვს! თუმცა ყველაზე დიდი სირცხვილია, როდესაც ბრძოლაში დაღუპული ჩვენი თანამებრძოლების ოჯახებს სტატუსს უუქმებენ და მათ სასამართლო-სასამართლო უწევთ მტკიცება, რომ მათი მეუღლეები, მამები, შვილები, ძმები ღირსეულად დაეცნენ სამშობლოსათვის ბრძოლაში. მათ კი ვიღაც ჩინოვნიკი უმტკიცებს, შენი ქმარი, მამა, შვილი და ძმა ომში არ დაღუპულაო! რამოდენიმე ასეთი სასამართლო პროცესის მოწმე მე თავად გახლავართ, თავად გამოვსულვარ დავის გარჩევისას და ყოველთვის მრცხვენოდა: ჩემი საქართველოს, ჩემი სახელმწიფოს გამო მრცხვენოდა! სანამდე დავეცით? ამიტომაცაა რომ ჩვენი უფლებები დღეს დასაცავი ხდება. თუმცა ჩვენს გარდა არც ამის გამკეთებელი ჩანს ვინმე და ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გავაკეთოთ. იმიტომ კი არა, რომ თავად მოვიწყოთ ცხოვრება, არამედ იმიტომ, რომ ეს სირცხვილი მაინც ჩამოვწმინდოთ ქვეყანას. ამ გამარჯვებას კი ვერავინ მოგვპარავს. ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, ჩვენ შევძლებთ. იმედითა და რწმენით ვყურებ დღევანდელ შეკრებას.
თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე, დავით თევზაძე თბილისი, 2016 წლის 27 თებერვალი