აქცია ვეტერანების ჰოსპიტალთან
02.06.2015
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ვეტერანები მსოფლიოში ყველაზე უპრეტენზიო ვეტერანები არიან, ისინი ნაკლებად ახსენებენ თავს საზოგადოებას, რომელიც თავისმხრივ მაინცადამაინც არ იწუხებს თავს მათზე ზრუნვით. თუმცა ამჯერად ვეტერანებმა დაარღვიეს ეს ტრადიცია და შეახსენეს სახელმწიფოს, რომ ისინი არსებობენ, რომ მათ საკუთარი თავდადების ფასად დაიმსახურეს ელემენტარული ყურადღება და გულისხმიერი მოპყრობა მათი პრობლემებისადმი. 2 ივნისს საქართველოს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტის“ თაოსნობით თბილისში, შოთა იამანიძის 3-თან, ვეტერანთა ჰოსპიტალის შენობის წინ ვეტერანებმა მოაწყვეს აქცია ჰოსპიტალის გარშემო არსებული ვითარების გარკვევისა და სწორი გადაწყვეტის მოთხოვნით. ვეტერანთა ჰოსპიტალის საკითხი ერთერთი იმ უმნიშვნელოვანეს საკითხთაგანია, რომელიც თვალნათლივ ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას იმ ადამიანებისადმი, ვინც ქვეყნისათვის უმძიმეს ვითარებებში უყოყმანოდ ჩადგნენ მის დამცველთა რიგებში. აქედან გამომდინარე ვეტერანები მოითხოვენ ჰოსპიტალთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების მაქსიმალურ გამჭვირვალეობას და მათთვის სასარგებლოდ წარმართვას. აქციის მიმდინარეობისას მინიტგზე სიტყვით გამოვიდნენ ვეტერანთა საზოგადოებრიობის აქტიური წარმომადგენლები ვახტანგ მაჭავარიანი, დოდო გუგეშაშვილი, შიო კობაძე, არჩილ იოსელიანი და სხვები. ჰოსპიტალისა და სამედიცინო პერსონალის პრობლემებზე ისაუბრეს ჰოსპიტალის თანამშრომლებმა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელით შეკრებილ საზოგადოებას მიმართა სამსახურის დირექტორის მოადგილემ ბატონმა ჯანდრი უბირიამ. ინტერნეტჟურნალი „ვეტერანის მოამბე“ ესაუბრა აქციის ორგანიზატორს, საქართველოს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტის“ ხელმძღვანელს ბატონ ვახტანგ მაჭავარიანს. „ვეტერანის მოამბე“: ბატონო ვახტანგ, რა მდგომარეობაშია ამჟამად ჰოსპიტალი? ვახტანგ მაჭავარიანი: დღევანდელი მდგომარეობა ასეთია - - ვ. სანიკიძის სახელობის ჰოსპიტალი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. მისი 100% წილის მფლობელია სახელმწიფო და მართავს სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“. დაფინანსება ხორციელდება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მეშვეობით და წლიური ბიუჯეტია 800 0000(რვაასიათასი) ლარი. სამხარაულის სხელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ჰოსპიტალს მე-3 ხარისხის სიმძიმის დაზიანება გააჩნია. არსებობს უფრო მძიმე მე-2 და 1-ლი ხარისხის სიმძიმეები. თბილისის ძველ უბნებში არსებული შენობების უმეტეს ნაწილს მე-3 ხარისხის დაზიანება გააჩნიათ. „ვეტერანის მოამბე“: რა ღონისძიებებს ატარებს ჰოსპიტალთან დაკავშირებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური? ვახტანგ მაჭავარიანი: ვეტერანების საქმეთა სახწელმწიფო სამსახურის დირექტორის ბ-ნ ირაკლი შიხიაშვილის მოთხოვნაა, რომ ჰოსპიტალმა დატოვოს შენობა და მისი ბიუჯეტის ფარგლებში იქირაოს ახალი შენობა, ანუ ჰოსპიტალის ბიუჯეტის 800000 ლარს კიდევ უნდა გამოაკლდეს ქირის თანხა. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. შიხიაშვილი ვერ იძლევა ვერანაირ გარანტიას, რომ ამ შენობიდან გადასვლის შემთხვევაში ვეტერანთა ჰოსპიტალი მიიღებს საპირწონე შენობას საკუთრებაში. მისი თქმით უნდა ვენდოთ მხოლოდ მის სიტყვას და რეპუტაციას. „ვეტერანის მოამბე“: ბატონო ვახტანგ, ვეტერანთა საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი იყო საკმაოდ სერიოზული თანხა ჰოსპიტალის |
რეაბილიტაციისათვის, კერძოდ თბილისის ბიუჯეტში ამ მიზნით გათვალისწინებული იყო სამი მილიონი ლარი.
ვახტანგ მაჭავარიანი: არსებული შენობის სარეაბილიტაციო თანხის მიღების შანსი სრულებით ამოწურულია. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, ირაკლი შიხიაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ბიუჯეტში ვეტერანთა ჰოსპიტალის აღჭურვისა და რეაბილიტაციისათვის შევიდა 3 000 000 ლარი. იმავე წლის 25 ივნისს, არჩევნების დამთავრებითანავე, იმავე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის გადაწყვეტილებით, ამ თანხის ნახევარი(მილიონნახევარი) გადავიდა სხვა სოციალური საკითხების მოსაგვარებლად, ხოლო დარჩენილი მილიონახევარი ლარი ახალი მოწვევის საკრებულომ საერთოდ ამოიღო ბიუჯეტიდან. ამავე დროს მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის წერილით ირკვევა, რომ თბილისის საკრებულომ თავიდანვე კანონდარღვევა ჩაიდინა როდესაც ეს თანხა გამოყო ვეტერანთა ჰოსპიტალისათვის. „ვეტერანის მოამბე“: ძალზე არეულდარეული სიტუაციაა. თქვენ რაში ხედავთ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს? ვახტანგ მაჭავარიანი: ჩვენ ვთავაზობთ შემდეგს: შენობა, რომელშიც განთავსებულია ჰოსპიტალი წარმოადგენს შპს „სანიკიძის სახელობის ჰოსპიტალი“-ს საკუთრებას. მისი წესდების მიხედვით, შპს-ს შეუძლია გაყიდოს აღნიშნული შენობა, მაგრამ ამისათვის საჭიროა ეკონომიკის სამინისტროს, კერძოდ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს თანხმობა. ჰოსპიტალი განლაგებულია 2170 კვ.მ მიწაზე. 1 კვ.მ მიწის საბაზრო ღირეულება წარმოადგენს სულმცირე 1000 აშშ დოლარს. რომ ვიანგარიშოთ ჯერ მარტო ჰოსპიტალის მიწის ღირებულება შეადგენს მინიმუმ 2 170 000(ორმილიონასსამოცდაათას) აშშ დოლარს. არსებული საბაზრო ფასებით, ახალი საავადმყოფოს ასაშენებლად საჭიროა 1 კვ.მეტრისთვის 400 აშშ დოლარი, ესეიგი ოთხიათასი კვ. მეტრი ჰოსპიტალის ასაშენებლად საკმარისია 1 600 000(მილიონექვსასიათასი) აშშ დოლარი. ეკნომიკის სამინისტრო, პრინციპში შესაძლებლად მიიჩნევს აღნიშნული ფართის გასხვისებას, რათა მოხდეს მიღებული თანხით ახალი ჰოსპიტალის აშენება. ასევე შესაძლებელია ჰოსპიტალის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბალანსზე გადატანა, რათა სამსახურმა მოახდინოს მისი გასხვისება და აღნიშნული თანხით ახალი შენობის აშენება. სად უნდა მოვიძიოთ მიწა სადაც აშენდება ეს ჰოსპიტალი? მოგახსენებთ, 2014 წლის ოქტომბერში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თბილისის ზღვაზე, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე, საზეიმო ვითარებაში გახსნა ვეტერანთა ხეივანი. თუ სახელმწიფო ვერ მოახერხებს ქალაქის ცენტრში შესაბამისი მიწის გამოყოფას, შესაძლებელია ამ ხეივანის ნაწილი გამოყენებული იქნას ჩვენი ჰოსპიტალისავის. ახალი შენობის მშენებლობის პერიოდში ჰოსპიტალი შესძლებელია გადავიდეს ნაქირავებ შენობაში. შარშან, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჰოსპიტალში ვიზიტის დროს მოგვცეს პირობა, რომ ჰოსპიტალი ჩაერთვებოდა საერთო დაზღვევის სისტემაში, რაც თავის მხრივ ჰოსპიტალს მისცემდა საშუალებას, არსებული ბიუჯეტის გარდა სახელმწიფოდანაც მიეღო დაფინანსება. დაზღვევით მიღებული თანხებით მოხდებოდა ამავე დაზღვევით გათვალისწინებული დაავადებების მკურნალობა, ხოლო პირდაპირი წესით შემოსული თანხით(დღევანდელი ბიუჯეტის რვაასიათასი ლარი) შესაძლებელი იქნებოდა იმ დაავადებების მკურნალობა, რასაც დაზღვევა არ ანაზღაურებს. დღევანდელი აქციით ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფოს ყურადღება მივაპყრობინოთ ვეტერანებისათვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან და მტკივნეულ პრობლემაზე. ვფიქრობ ნათელია, რომ მისი გადაჭრა არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს, საჭიროა მხოლოდ ნება, გულისხმიერი მიდგომა და მონდომება, რაც ომის ვეტერანებმა სამშობლოსადმი თავდადებით დაიმსახურეს. „ვეტერანის მოამბე“: ბატონო ვახტანგ, საქართველოში ორასორმოცდაათზე მეტი ვეტერანთა ორგანიზაციაა დაფიქსირებული, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ნაკლებად ჩანს მათი როლი და ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვერ ვხედავთ ვეტერანებს პარლამენტში, ადგილობრივ თვითმმართველობებში. არჩევით ორგანოებში არ არსებობენ ლობირების ჯგუფები, რომლებიც ფოკუსირებას მოახდენდნენ ვეტერანებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ პრობლემებზე, არადა ვეტერანთა საზოგადოება საკმაოდ მრავალრიცხვოვანი სეგმენტია საქართველოს მოქალაქეებისა - ისინი სამოცდაათი ათასზე მეტი არიან. ვახტანგ მაჭავარიანი: დიახ, იძულებული ვარ დაგეთანხმოთ და სწორედ ეს არის მიზეზი ჩვენი პრობლემების გადაუჭრელობისა. არ ჩანს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, ჩვენ არ ვიმაღლებთ ხმას, არ ვიპყრობთ ყურადღებას. თუმცა დღევანდელი აქცია გვაძლევს იმედებს, რომ არსებული რეალობა უკეთესობისკენ შეიცვლება, როგორც ხედავთ აქ შეიკრიბნენ ვეტერანთა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უბრალოდ ვეტერანები, დედაქალაქის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. |
ფოტოგალერეა