ვეტერანების აქცია ვერის პარკში
2016 წლის 16 თებერვალი
16 თებერვალს, 13:00 საათზე ვერის პარკში ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებმა მოაწყეს გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ ჰოსპიტალის გადარჩენის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ვეტერანთა საზოგადოებრივი გაერთიანებების ლიდერები, ვეტერანთა მოძრაობის აქტიური წარმომადგენლები. გამომსვლელებმა შეკრებილთ აუწყეს, რომ ვეტერანთა ჰოსპიტალი კვლავ გაუქმების რეჟიმშია. მათ ხელისუფლებისაგან მოითხოვეს ჰოსპიტალის შენარჩუნება, ვეტერანთა მიმართ ლოიალური და პოზიტიური სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა და მისი აღდგენა ვეტერანთა იმ ნაწილისათვის, რომლებსაც 2009 წლიდან შეუწყდათ ეს სუბსიდია. ვეტერანები გამოთქვამდნენ გულისტკივილს სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობისა და მათი ღვაწლის დაუფასებლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან შეინიშნება რიგი პოზიტიური ძვრებისა ამ მიმართულებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის არასაკმარისი და ძალიან შორსაა იმ აუცილებელი ღონისძიებებისაგან, რომლებსაც სახელმწიფო უნდა ატარებდეს სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ადამიანების მიმართ. აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ კვლავაც გააგრძელებენ დიალოგს ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს ყურადღების ფოკუსირება ვეტერანთა პრობლემებსა და ძირეულ მოთხოვნებზე და იმედი გამოთქვეს, რომ მათი ხმა იქნება შესმენილი, რაც გაფანტავს
|
დაძაბულობისა და უნდობლობის ატმოსფეროს სახელმწიფოსა და ვეტერანების მრავალრიცხვოვანი სოციალური ფენის ურთიერთობაში.
მიტინგის დასრულების შემდეგ ვეტერანთა აქციის მონაწილეებმა მოაწყვეს ორგანიზებული მსვლელობა გმირთა მოედნის მიმართულებით. მათ გვირგვინით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული თანამებრძოლების მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია "პატრიოტის" ხელმძღვანელმა ვახტანგ მაჭავარიანმა, საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარემ გია ბერძენიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" დათო ლორთქიფანიძემ. აქციის დასასრულს ორგანიზატორებმა დააანონსეს ვეტერანთა ყრილობა, რომელიც ჩატარდება 27 თებერვალს ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლის დარბაზში. ყრილობა გაიხსნება 14:00 საათზე და მოწვეული იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ვახტანგ მაჭავარიანმა და გია ბერძენიძემ მოუწოდეს ვეტერანთა მთელ საზოგადოებრიობას აქტიურობისაკენ, რათა იყოს მაქსიმალური დასწრება ამ უაღრესად მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. მოამზადა ზ. ჯანიკაშვილმა |