ვეტერანების აქცია მეტრო "300 არაგველთან"
18.01.2016 წ. 18 იანვარს, 11 საათზე მეტრო "300 არაგველთან" ომის ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და ვეტერანთა ჰოსპიტალის თანამშრომლებმა მოაწყეს საპროტესტო აქცია. შეკრებილ ვეტერანებს სიტყვით მიმართა საქართველოს ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია "პატრიოტის" ხელმძღვანელმა ვახტანგ მაჭავარიანმა. მან საზოგადოებას აუწყა, რომ მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იქნება ვეტერანთა ჰოსპიტალის შენახვის ხარჯები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალი გაუქმებულია. ჰოსპტალის გაუქმებაში ვახტანგ მაჭავარიანმა მთავარი ბრალი დასდო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს ირაკლი შიხიაშვილს. მან განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაატარეს არაერთი შეხვედრა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან, პასუხისმგებელ პირებთან, გააცნეს მათ მთელი რიგი ინიციატივებისა და წინადადებებისა თუ როგორ შეიძლებოდა შექმნილი ვითარების გამოსწორება და ჰოსპიტალის შენარჩუნება ვეტერანებისათვის, მაგრამ ირაკლი შიხიაშვილმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთა ვეტერანთა საზოგადოებრიობის მოთხოვნებს, რის გამოც მას არა აქვს მორალური უფლება დარჩეს ვეტერანთა ოფიციალური უწყების ხელმძღვანელის პოსტზე. ვახტანგ მჭავარიანმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა წასულიყვნენ რიტუალების სასახლეში, სადაც ირაკლი შიხიაშვილი ატარებდა შეხვედრას გასული წლის ანგარიშის გასაკეთებლად. რიტუალების სასახლეში ვახტანგ მაჭავარიანმა მიმართა იქ მყოფ საზოგადოებას იგივე მოთხოვნებით, რამაც გამოიწვია მცირე ინციდენტი მანიფესტანტებსა და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებს შორის, თუმცა ორივე მხარე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და დაძაბულობა მალევე განიმუხტა. |
ვეტერანთა ოფიციალური უწყების ხელმძღვანელმა გააგრძელა ანგარიშის პრეზენტაცია, მანიფესტანტებმა კი დატოვეს რიტუალების სასახლე და გაემართნენ ვეტერანთა ჰოსპიტალისაკენ ჰოსპიტალის გადარჩენის საორგანიზაციო კომიტეტის ჩამოყალიბების მიზნით.
ჰოსპიტალში ჩატარებული საინიციატივო ჯგუფის კრებაზე გადაწყდა, რომ აქცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ხელისუფლებისაგან არ იქნება დადებითი პასუხი საინიციატივო ჯგუფის ორ მთავარ მოთხოვნაზე: შეუნარჩუნდეთ ჰოსპიტალი ვეტერანებს და თანამდებობიდან გადაყენებული იქნას ირაკლი შიხიაშვილი. ჩამოყალიბდა საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტი ვეტერანთა მოძრაობის აქტივისტების, ჰოსპიტალის მედპერსონალის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლების შემადგენლობით. გადაწყდა რომ აქციას ექნება უწყვეტი და პერმანენტული ხასიათი, ჩატარდება ბრიფინგები, მანიფესტაციები, მიტინგები, შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, ფართო საზოგადოებასთან. შეკრებას ესწრებოდა საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე გია ბერძენაძე. მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს და უერთდება მანიფესტანტთა მოთხოვნებს. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის თავმჯდომარემ ბატონმა მიხეილ გერგაულმა შეკრების მონაწილეებს აღუთქვა, რომ გააცნობს შექმნილ ვითარებას ომის ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მიმართავს მათ მხარდაჭერის მოთხოვნით. საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საორგანიზაციო კომიტეტის პირველი ბრიფინგი მოეწყობა 20 იანვარს. საინფორმაციო პორტალი "ვეტერანის მოამბე" სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას აქციის მიმდინარეობის შესახებ. მოამზადა ზ. ჯანიკაშვილმა |