17 ოქტომბერი, ვეტერანის დღე თბილისის ზღვაზე
17
ოქტომბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოწვევით თბილისის
ზღვის სანაპიროზე შეიკრიბნენ ომის ვეტერანები და დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის
წევრები. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული თავდაცვისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროები, თბილისის მერია და საკრებულო. შეხვედრას
ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და ქართული
საერო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო
სამსახურის დირექტორმა ბატონმა ირაკლი შიხიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს
აუწყა მთავრობის გადაწყვეტილება "ვეტერანთა დღის დაწესების შესახებ".
ქართველ ვეტერანებს "ვეტერანის დღე" მიულოცეს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა საქმეების მინისტრებმა, ბატონებმა ირაკლი ალასანიამ და ალექსანდრე ჭიკაიძემ, თბილისის მერმა ბატონმა დავით ნარმანიამ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ილია II-ის სახელით ქართველ ვეტერანებს მიმართა და დღესასწაული მიულოცა პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა. ამ დღეს თბილისის ზღვის სანაპიროს ულამაზეს მონაკვეთზე სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა სახელზე დაირგო პირველი ნერგები და საფუძველი ჩაეყარა ვეტერანთა ხეივანს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ვეტერანთა სოლიდარობის კავშირის" ორგანიზებით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანთა და დაღუპული მებრძოლების ოჯახების წევრთა ჯგუფმა რუსთავიდან. შეხვედრას შემოქმედებითად აფორმებდნენ თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრი და ფოლკლორული ჯგუფები. |